Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარე რუბლიოვის "სამების" ხატის გამო დაითხოვეს


ანდრეი რუბლიოვის "სამება." შეიქმნა 1422-27 წლებში
ანდრეი რუბლიოვის "სამება." შეიქმნა 1422-27 წლებში

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ თანამდებობიდან გაათავისუფლა და ღვთისმსახურება აუკრძალა ლეონიდ კალინინს, სასულიერო პირს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო ხელოვნებისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ანდრეი რუბლიოვის "სამების" ხატის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გადატანისას, კალინინს "დაბრკოლების" შექმნა ბრალდება. კალინინმა განაცხადა, რომ მან, "როგორც ჩანს, რაღაც შეცდომა დაუშვა". „ჩემი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ გააზრებული იყო. ამიტომ, მშვიდად ვიღებ ამას და ვთხოვ ლოცვას ყველას, ვისაც ვუყვარვარ და მიცნობს. ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო, რაც შემიძლია. შეიძლება ვცდები, როგორც ჩანს, რაღაც შეცდომა დავუშვი“, - განაცხადა კალინინმა.

მაისის შუა რიცხვებში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავარმა, პატრიარქმა კირილემ, მიმართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით, შეეთანხმებინა ტაძარში ხატის გადატანა 4 ივნისს, „სამების“ დღის აღსანიშნავად.

კრემლმა საპასუხოდ ეკლესიას ნება დართო, ხატი გადაეტანა სამების ტაძარში, წმინდა სერგის ლავრაში.

ტრეტიაკოვის გალერეაში, სადაც ხატია დაცული, 23 მაისს გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მისი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემის შესაძლებლობა. ექსპერტების დასკვნით, ხატი არ უნდა გაიტანონ ტრეტიაკოვის გალერეის გარეთ სამების დღესასწაულზე, რთული და არასტაბილური მდგომარეობის გამო.

არსებული ცნობით, ამ შეხვედრას კალინინიც ესწრებოდა.

მან მოგვიანებით განმარტა, რომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის ტრანსპორტირებისა და განთავსების მომზადებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს. მაგალითად, არ იყო მომზადებული სპეციალური დამცველი გარსი და ამ დროს, ტაძარში კონდიციონერებია დამონტაჟებული. კალინინი ასევე ამტკიცებდა, რომ ეს საკითხები შეიძლება, გადაწყდეს ეკლესიისა და სამუზეუმო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით.

26 მაისს კრემლმა გამოაცხადა, რომ ტრეტიაკოვის გალერეიდან „სამების“ გატანის სქემა დამტკიცდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, ხატი 4 ივნისს ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გამოიფინება და იქ ორი კვირა დარჩება, რის შემდეგაც დაიწყება მისი რესტავრაცია და კონსერვაცია.

2022 წლის ივლისში ტრეტიაკოვის გალერეამ ხატი რამდენიმე დღით გადასცა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, საეკლესიო დღესასწაულის პერიოდში. სამუზეუმო საზოგადოებამ კატეგორიული პროტესტი გამოხატა და ითქვა, რომ ნამუშევრის დაბრუნებისას 60-ზე მეტი დაზიანება დაფიქსირდა.

გამოჩენილმა რუსმა ხატმწერმა ანდრეი რუბლიოვმა მე-15 საუკუნეში შექმნა „სამება“. ხატი მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება.

1929 წლამდე ხატი სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა სერგის ლავრაში იმყოფებოდა, შემდეგ კი ტრეტიაკოვის გალერეას გადაეცა.

XS
SM
MD
LG