Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო უწყების „სამშვიდობო“ პირობები: უკრაინამ ბრძოლა უნდა შეწყვიტოს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი იაპონიაში ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას. 25 თებერვალი, 2022 წელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი იაპონიაში ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას. 25 თებერვალი, 2022 წელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ჩამოთვალა უკრაინასთან ომის შეწყვეტის, სულ მცირე, ექვსი პირობა. ერთი მათგანი „საბრძოლო მოქმედების შეწყვეტაა“. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იტყობინება ამის შესახებ რუსეთის სააგენტო „ТАСС“-ზე დაყრდნობით და წერს, რომ ინტერვიუ გალუზინთან 27 მაისს გამოქვეყნდება.

გალუზინის სიტყვებით, წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტასთან ერთად, უკრაინამ უარი უნდა თქვას დასავლეთის ქვეყნებისგან შეიარაღების მიღებაზე. „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის“ უზრუნველსაყოფად უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე და მიიღოს „ახალი ტერიტორიული რეალიები“, აღიაროს რუსული სახელმწიფო ენად და დაიცვას ადამიანის ძირითადი, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლების უფლება, ამბობს გალუზინი.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის ერთადერთი პირობა უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანაა. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს.

გაეროს 2023 წლის მაისის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 8895 მშვიდობიანი მოქალაქე, 15 117 - დაშავდა. ეს მონაცემები შეიძლება არ იყოს სრული.

კიევის ეკონომიკის სკოლის გამოთვლით, ომის განმავლობაში უკრაინაში დანგრეული ან დაზიანებულია 150 ათასი შენობა, 25 ათასი კილომეტრის სიგრძის გზები, 344 ხიდი (ნაწილი უკვე აღდგენილია), რამდენიმე ათასი საბავშვო ბაღი, საავადმყოფო და მუზეუმი. განადგურებულია 200 ათასი კერძო ავტომანქანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 16 ათასი ერთეული. საერთო ზარალი შეფასებულია 144 მილიარდ დოლარად.

XS
SM
MD
LG