„ბიბისის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, „მედიაზონასთან“ და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, მოახერხეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაღუპული 24 005 რუსი ჯარისკაცის სახელის ამოცნობა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა კიდევ 1361 მსხვერპლის სახელი. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ეს კვლავაც აღემატება 2022 წლის განმავლობაში დადასტურებული ყოველკვირეული დანაკარგების საშუალო მაჩვენებელს.
ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი მსჯავრდადებულებისგან შემდგარმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ განიცადა. მკვლევრებისთვის ცნობილია ამ პერიოდში დაღუპული 4315 ყოფილი პატიმრის სახელი.
დადასტურებული დანაკარგების რაოდენობით კვლავ სვერდლოვსკისა და კრასნოდარის მხარეები ლიდერობენ.
ჟურნალისტები დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას საომარი მოქმედებების დაწყებიდან აგროვებენ. მონიტორინგში მხოლოდ ის სამხედროები შედიან, რომელთა დაღუპვაც ღია წყაროების საფუძველზე დადგინდა. დანაკარგების რეალური რაოდენობა, კვლევის ავტორების აზრით, შეიძლება შესამჩნევად მეტი იყოს. ჟურნალისტების აზრით, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს შეეძლო 48 ათასი ადამიანი დაეკარგა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკადრო დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულ რიცხვებზე კომენტარს არ აკეთებს.