Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრი კასიანოვი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, კლინიკა „ვივამედში" შეხვდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი. როგორც სააკაშვილი აცხადებს, დიპლომატთან ილაპარაკა უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე.

„დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის", - ნათქვამია ფეისბუკზე, სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე, გავრცელებულ ცნობაში.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები, აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველსავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

XS
SM
MD
LG