Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო აცხადებს, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში მას არ გაუგზავნია


24 მაისი, 2023 წელი. მოსკოვი. მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს ანგელოზის დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებაზე
24 მაისი, 2023 წელი. მოსკოვი. მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს ანგელოზის დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებაზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი 24 მაისს მოსკოვში დაესწრო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს ანგელოზის დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებას. მოსკოვის საპატრიარქომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ღვთისმსახურებას ესწრებოდა მიტროპოლიტი ნიკოლოზი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია).

ამ საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა. ის უარყოფს, რომ მიტროპოლიტი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

„მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად საქართველოს საპატრიარქომ გაგზავნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ:

საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.

გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები", - ნათქვამია განცხადებაში.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ტელეკომპანია „ფორმულას" უთხრა, რომ „პატრიარქი კირილეს ანგელოზის ხსენების დღე იყო, მიმიწვიეს წირვაზე. მე ვეღარ მოვასწარი პატრიარქის ინფორმირება. ერთი მხრივ, პატრიარქმა იცოდა, რომ მოსკოვში ვარ, მაგრამ არ იცოდა, რომ ვაპირებდი წირვაზე დასწრებას, ვეღარ მოვასწარი შეთანხმება".

რუსეთის პატრიარქი კირილე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განუხრელი მხარდამჭერია. მან დალოცა საომარი ძალისხმევა და ნათქვამი აქვს, რომ რუსები უკრაინელების ხოცვით საგმირო საქმეს სჩადიან. თუმცა, ამავე დროს, იგი მოუწოდებდა რუსებს, უკრაინელები მტრებად არ აღექვათ.

XS
SM
MD
LG