ერთობლივი გამოძიებით, რომელშიც რამდენიმე ინტერნეტდამკვირვებელი და უფლებადამცველი ჯგუფი მონაწილეობდა, გაირკვა, რომ, სულ მცირე, ათი საჯარო პირი სომხეთში, მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ერევნის ბიუროს ორი ჟურნალისტი და ასევე ასობით ტელეფონის ნომერი აზერბაიჯანში, სათვალთვალო კომპიუტერული პროგრამის, Pegasus-ის სამიზნე აღმოჩნდა. გამოძიებაში ჩაბმული იყვნენ Amnesty International-ის უსაფრთხოების ლაბორატორია, არაკომერციული ორგანიზაცია Access Now, კანადის Citizen Lab-ი, CyberHUB-AM-ი და მობილური უსაფრთხოების დამოუკიდებელი მკვლევარი რუბენ მურადიანი.
Pegasus-ის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი არის ისრაელის NSO ჯგუფი. კომპანია შეერთებულ შტატებში შავ სიაშია.
NSO ჯგუფი დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედიაკონსორციუმმა 2022 წლის ივლისში განაცხადა, რომ მისი სათვალთვალო პროგრამა Pegasus-ი გამოყენებული იქნა იმ მობილური ტელეფონების გატეხის მცდელობებისას, რომლებიც ეკუთვნოდა ათზე მეტ ახლანდელ თუ ყოფილ მსოფლიო ლიდერს, ჟურნალისტს, უფლებადამცველს, ბიზნესმენს და ხელმძღვანელს დაახლოებით 50 ქვეყნიდან.
ერთობლივი გამოძიება, რომლის შედეგები 25 მაისის ანგარიშში გამოქვეყნდა, მიუთითებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტზე, როგორც ჯაშუშობის მცდელობის მიზეზზე 2020 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის დეკემბერს შორის.
გამოძიებას კონკრეტულად აზერბაიჯანი არ დაუდანაშაულებია არასწორ ქმედებებში, მაგრამ გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ Pegasus-ის კომპიუტერული პროგრამა "ფართოდ" გამოიყენებოდა ქვეყნის მიერ და მის სამიზნეს წარმოადგენდა "ჟურნალისტების ფართო სპექტრი".
ანგარიშის თანახმად, რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანამშრომლები კარლენ ასლანიანი და ასტღიკ ბედევიანი იყვნენ მათ შორის, ვინც, როგორც გამოძიებამ აჩვენა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გახდა სამიზნე.