Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მოითხოვს პარლამენტის შენობის ფასადზე ევროპის დროშის ბანერის განთავსებას


25 მაისი. 2023 წელი. თბილისი, პარლამენტის შენობა
25 მაისი. 2023 წელი. თბილისი, პარლამენტის შენობა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს დეპუტატები ოპოზიციიდან წერილით მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას ეწინააღმდეგება.

„ბატონო შალვა, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ არის ხალხის მიერ არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესი.

წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, ეს კიდევ ერთი ჩვენებაა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის. ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის ნება აღასრულოს და ამის გამოხატულება უზრუნველყოს, მათ შორის და არამხოლოდ, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სიმბოლიკით. დროშა არ არის მხოლოდ თემატური დეკორაცია, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსი, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროპა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა დააყენოს საკუთარი ინტერესები", - ნათქვამია ოპოზიციის დეპუტატების განცხადებაში. ისინი პაპუაშვილს მოუწოდებენ: „დააბრუნეთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!"

განცხადებას ხელს აწერენ ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირვკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია.

მოგვიანებით ოპოზიციას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. „ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ოპოზიცია", - თქვა მან.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „ამ წერილის ინიციატორები პარლამენტის სხდომაზე გამოდიან და პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე და ამავე დროს, „ლელოს“ შეეხება განსაკუთრებით, გეგმავენ ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ ქართველ მოქალაქეებს, მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე".

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს".

მოქალაქეები სოციალურ ქსელში გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომელიც იმან გამოიწვია, რომ წელს 26 მაისის ღონისძიებისთვის ქუჩების გასაფორმებლად მთავრობამ ევროპის დროშა აღარ გამოიყენა.

წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდება. ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდნენ პრორუსული ჯგუფები, რომლებმაც ერთ-ერთ აქციაზე პარლამენტის შენობის წინ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დემონსტრაციულად დაწვეს. მათ პოლიციამ ხელი ვერ შეუშალა.

ბოლო ერთ წელში საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი არაერთი მრავალათასიანი აქცია გაიმართა, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო 7-9 მარტის პროტესტი იყო, როცა ათასობით ადამიანი ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ხელისუფლების მოწონებული კანონპროექტის მიღების პროცესს საქართველოს პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელისშემშლელად აფასებდნენ. რამდენიმე დღეა, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ გაცემული ნებართვებით, აღდგა რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლაც, რასაც ასევე საფრთხედ აფასებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

XS
SM
MD
LG