გუშინ, 24 მაისს, სამოქალაქო აქტივისტებმა საღებავი შეასხეს, კვერცხები ესროლეს და რუსულ ენაზე უცენზურო წარწერები დატოვეს რუსულნომრიან ავტობუსზე.
მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ავტობუსით საქართველოში ჩამოსულია ურალის ცეკვის ნაციონალური ანსამბლი „Камушка.“
„ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია. ანსამბლი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს“, - დაწერა „სირცხვილიამ“ ფეისბუკის გვერდზე.
ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში დღეს, 25 მაისს, რუსეთის მოქალაქემ თქვა, რომ თბილისში ჩამოსულ 20 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს არავითარი კავშირი არ აქვს ანსამბლ „Камушка-სთან." მამაკაცი ირწმუნება, რომ ნაქირავები ავტობუსით პერმიდან მოსალოცად ჩამოვიდნენ ლარსის გამშვები პუნქტის გავლით.
ანსამბლი „Камушка“ ინციდენტს არ გამოხმაურებია. ანსამბლის ვებსაიტსა და სოციალურ ქსელ “Вконтакте-ში" გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 მაისს პერმში „Камушка-მ" „რუსეთის ომისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გამართა. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია ანსამბლის მიერ საქართველოში დაგეგმილი სტუმრობის ან გასტროლის შესახებ.