"პალიტრანიუსის" წამყვანი კოკა კვირკველია ამბობს, რომ ტელეკომპანიამ მისი პოლიტიკური გადაცემა "ნიუსრუმი" დახურა. როგორც კოკა კვირკველიამ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, ეს მისთვის სიურპრიზი იყო.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კოკა კვირკველია ამბობს, რომ გადაცემის დახურვის მიუხედავად, რჩება "პალიტრა მედიის" თანამშრომლად, სადაც რადიო "პალიტრის" პროგრამების ხელმძღვანელის პოსტს იკავებს და კვირაში სამჯერ მიჰყავს პოლიტიკური გადაცემა "შუადღის სტუდია."
კოკა კვირკველიას თქმით, "ნიუსრუმის" დახურვის მიზეზად ხელმძღვანელობამ დაბალი რეიტინგი დაუსახელა, რაც მას არგუმენტად არ მიაჩნია.
სხვა მიზეზებზე იგი არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ "ბევრი ეჭვი შეიძლება ჰქონდეს".
"მითხრეს რეიტინგი არ აქვსო. "პალიტრა მედიას" რეიტინგს არ ითვლის არცერთი აკრედიტებული მთვლელი და სოცქსელით თუ თვლიან, "პალიტრა მედიის" გადაცემებს შორის იქ ყველაზე მეტი ყურებადობა ჩემს გადაცემებს ჰქონდა. მეორე ჩემის მსგავსი ყურებადობა რასაც აქვს, ესაა ემა ტუხიაშვილის გადაცემა. შესაბამისად, რეიტინგის ამბავს მე ვერ მივიღებ არგუმენტად.
ეჭვი ბევრი შეიძლება მქონდეს. უბრალოდ, ამაზე არ ვილაპარაკებ. თვითონ მეუბნებიან, პოლიტიკური მიზეზი რომ იყოს და შენი კრიტიკული და მწვავე კითხვები ხელისუფლების მისამართით თუ ასე შემდეგ, ასევე პირადი აზრის დაფიქსირება, რასაც ზოგჯერ აკეთებო, მაშინ რადიოდანაც გაგიშვებდითო. ასე რომ, ამას ხსნიან, როგორც შიდა რეორგანიზაციის თემას", - ამბობს კოკა კვირკველია.
ტელეკომპანია "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" დირექტორი ლევან ტაბატაძე განმარტავს, რომ გადაცემის დახურვა ახალი სეზონისთვის მზადებასა და პროგრამების განახლებას უკავშირდება:
"მიზეზი არის ის, რაც ყველა ტელევიზიაში ხდება ხოლმე - განახლება, ახალი გადაცემების დამატება, ახალი სეზონისთვის მზადება. არაფერი განსაკუთრებული. კოკა რჩება და აგრძელებს მუშაობას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ასევე მას რჩება პოლიტიკური გადაცემა რადიოში. ერთი სიტყვით, კოკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომელია".
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც პერიოდულად მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", მხარდამჭერ წერილებს ავრცელებს, დღევანდელ პოსტში წერს, რომ ამერიკელები საქართველოში ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას ცდილობენ, რისთვისაც "პალიტრა" საუკეთესო ინსტრუმენტი იყო.
"ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მცდელობის გაგრძელებაა მედიაჰოლდინგ "პალიტრას" კეზერაშვილისთვის მიბარებაც. ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას სჭირდება ფსევდოშუაშისტური მედიაპლატფორმა, რისთვისაც "პალიტრა" საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. თუმცა, კარგია, რომ "ქართული ოცნება" ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ "ფორმულად" ქცეულ "პალიტრას" დროულად გაემიჯნა", - წერს ის.
28 მარტს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "პალიტრა მედია" თავისი სარედაქციო პოლიტიკით "ფორმულა 2", დავით კეზერაშვილის მეორე ტელევიზია გახდა.
"ეს არის ჩემი დაკვირვება და დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები და როგორია ხარჯები, რასაც ტელევიზიები გასწევენ, ამ ტელევიზიების მესაკუთრეები, ამაში ვერ შევალ. მაგრამ ეს ტელევიზია ბოლო თვეებში თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა "ფორმულა 2", - თქვა კობახიძემ.
მის განცხადებას მალევე "პალიტრა მედიაც" გამოეხმაურა. ჰოლდინგი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის "ცილისწამება და სიცრუე."
"თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, "პალიტრა მედია" არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და "პალიტრა მედიის" რაიმე კავშირის შესახებ", - წერია "პალიტრა მედიის" საპასუხო განცხადებაში.
"პალიტრა მედიის" წინააღმდეგ ხელისუფლების განცხადებებს "მედიის ადვოკატირების კოალიციაც" განცხადებით გამოეხმაურა. კოალიციის თქმით, მმართველი პარტია ჰოლდინგის დისკრედიტაციას ეწევა, რაშიც პროსამთავრობო მედიასაშუალებებიც ჩაერთნენ.