Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუამ სასამართლოს სხდომაზე დასწრება არ ისურვა


ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. 5 აპრილი, 2023 წელი
ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. 5 აპრილი, 2023 წელი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე დღეს, 24 მაისს, დანიშნულ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ბადრი ესებუა სასამართლოში არ გამოცხადდა. მან პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სასამართლოს მიმართა, მის გარეშე გაგრძელდეს საქმის განხილვა.

პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, სხდომაზე წარადგინეს აუდიომასალები - ბანკზე თავდამსხმელის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროს ავთანდილ გალდავასთან და ბადრი ესებუას ასევე სატელეფონო საუბრის ჩანაწერი “საქართველოს ბანკის” სესხების ექსპერტთან.

მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გაითვალისწინა ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თხოვნა, რომ ამ მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე მოუსმინონ, ბრალდებულის თანდასწრებით. ამიტომ დღევანდელი პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.

საქმის მორიგი განხილვა 31 მაისს გაიმართება.

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მხარეები პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. საქმეზე დაიკითხა ათეულობით მოწმე. გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილიც.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ასევე ნახეთ:

XS
SM
MD
LG