ირანში 2022 წლის სექტემბერში მორალის პოლიციის პატიმრობაში დაღუპული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის ოჯახი ქვეყნის უშიშროების ძალებს ადანაშაულებს მათი შვილის საფლავის შეურაცხყოფაში. ამინის სიკვდილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა ბიძგი საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც ირანის ისლამურ მმართველობას ყველაზე მწვავე გამოწვევა შეუქმნა 1979 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
ამინის ოჯახის ადვოკატმა სალეჰ ნიკბახტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 21 მაისს, დილით, "პირები, რომლებიც წარსულში ამგვარი მდარე ქცევებით არიან ცნობილი, თავს დაესხნენ და გაანადგურეს მაჰსა ამინის საფლავი".
ადვოკატმა წარმოადგინა დაზიანებული საფლავის ფოტოები, რომლებიც მას ამინის მშობლებმა გადასცეს. ადვოკატის თქმით, ამინის მამა ამბობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა არ დაუშვეს საფლავზე დამცავი კონსტრუქციის აგება - ისინი შემდუღებელს დაემუქრნენ, რომ ამ სამუშაოს შესრულების გამო მისი ბიზნესი დაიხურებოდა. თუმცა ადვოკატს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც საფლავის დაზიანებას დააკავშირებდა უშიშროების სამსახურებთან.
ირანის სამთავრობო ძალებს ადრეც ადანაშაულებდნენ დახოცილი ან სიკვდილით დასჯილი დემონსტრანტების, კულტურული ფიგურების, პოეტების, მწერლების, მხატვრების, კრიტიკული პოლიტიკური ძალების თუ გარკვეული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების საფლავების განადგურებაში.