ბერლინის პოლიციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველომ დაიწყო გამოძიება აპრილში რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენელთა კონფერენციის მონაწილეთა შესაძლო მოწამვლის ფაქტზე. ამის შესახებ პოლიციის სპიკერმა რადიო თავისუფლებისა და გაზეთ Welt am Sonntag-ის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. მანამდე გამოცემა „აგენტსტვოს“ რუსული გამოცემა წერდა გერმანიაში კონფერენციაში მონაწილე ორი რუსის მოწამვლის სიმპტომებზე.
რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ბერლინში აპრილის ბოლოს გაიმართა. როგორც „აგენტსტვო“ წერს, ღონისძიების ორ მონაწილეს განუვითარდა სისუსტე. ერთ-ერთი მათგანია ფონდ „სვობოდნაია როსიის“ ხელმძღვანელი ნატალია არნო. მეორე არის ჟურნალისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა რუსეთი. მის ვინაობას გამოცემა არ ასახელებს.
„აგენტსტვოს“ მასალიდან ირკვევა, რომ ორივე მონაწილე კონფერენციამდეც ცუდად გრძნობდა თავს. არნო საავადმყოფოში მივიდა აშშ-ში, სადაც ახლა ცხოვრობს, დაუსახელებელი ჟურნალისტი კი - ბერლინის უდიდეს კლინიკა „შარიტეში“. იქ სხვადასხვა დროს მკურნალობდნენ მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზებულ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის და „მედიაზონის“ გამომცემელ პიოტრ ვერზილოვს.
„აგენტსტვოს“ მასალის მიხედვით, არნოს შესაძლო მოწამვლას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს. უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.