Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: როდესაც კონტრშეტევა დაიწყება, რუსეთი ამას იგრძნობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე. ჰიროსიმა, 21 მაისი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე. ჰიროსიმა, 21 მაისი, 2023.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, BBC-ის შეკითხვაზე, როდის და სად დაიწყებს უკრაინა კონტრშეტევას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეტალებზე საუბარს თავი აარიდა.

„როდესაც ჩვენი კონტრშეტევა იქნება, რუსეთი ამას იგრძნობს“, - უპასუხა ზელენსკიმ.

10 დღის წინ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი დრო სჭირდება კონტრშეტევის მოსამზადებლად, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლური იარაღის მიწოდებას ელოდებიან.

ზელენსკის თქმით, უკრაინის არმიის საბრძოლო ქვედანაყოფები, რომლებსაც ნატოს სამხედროებთან ერთად წვრთნიდნენ, სრულ მზადყოფნაში არიან, მაგრამ სარდლობა კიდევ ელის ზოგიერთ შეიარაღებას, კერძოდ ჯავშანტექნიკას.

BBC-ის კორესპონდენტმა ასევე ჰკითხა ზელენსკის უკრაინაში F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მომავალი მიწოდების შესახებ. გუშინ შეერთებულმა შტატებმა დაუშვა უკრაინაში მათი გაგზავნა სხვა ქვეყნებიდან. უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ კიევი მიიღებს ამ თვითმფრინავებს.

„ვერ გეტყვით, რამდენს [მივიღებთ] - ეს არ არის საიდუმლო, ჩვენ ეს მართლა არ ვიცით“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იჰნატმა დღეს უკრაინის ტელევიზიით ისაუბრა უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესაძლო მოცულობაზე. მისი აზრით, თვითმფრინავების გადაცემა მოხდება არა ცალობით, არამედ ქვედანაყოფებით. ამგვარად, არსებული პრობლემების გადასაჭრელად უკრაინას შეიძლება რამდენიმე ათეული მანქანა გადასცენ.

XS
SM
MD
LG