Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუტერეშმა G7-ის სამიტზე თქვა, რომ მოვიდა გაეროს რეფორმირების დრო


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. ეგვიპტე, შარმ ელ-შეიხი, 7 ნოემბერი, 2022.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. ეგვიპტე, შარმ ელ-შეიხი, 7 ნოემბერი, 2022.

გაეროს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე გამოვიდა. მან განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს გაეროს უშიშროების საბჭოსა და ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირებას, რადგან ისინი აღარ შეესაბამება თანამედროვე რეალობას.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტები შეესაბამებოდა მსოფლიო წესრიგს მათი ფორმირების დროს 1945 წელს. მას შემდეგ, მისი აზრით, ისინი მოძველებული და არაეფექტიანი გახდა.

„გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებული, დისფუნქციური და უსამართლოა“, - თქვა გაეროს ხელმძღვანელმა. „Covid-19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ეკონომიკური კრიზისის პირისპირ, მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ფუნქცია და ვერ შეძლო ყოფილიყო მსოფლიოსთვის უსაფრთხოების ბადე“, - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გუტერეშმა ადრე უკვე გააკრიტიკა ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. „მე ძალიან მკაფიოდ ვიტყვი: უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ყველაფერი გაეკეთებინა ამ ომის თავიდან ასაცილებლად და დასასრულებლად. ეს იწვევს დიდ იმედგაცრუებას და აღშფოთებას“, - თქვა მან 2022 წლის აპრილში კიევში ვიზიტის დროს.

გაეროს უშიშროების საბჭო დაარსდა 1945 წელს. გაეროს წესდების თანახმად, მასში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა წევრი ქვეყნის თანხმობის საფუძველზე. მათ შორისაა ხუთი მუდმივი წევრი - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი - და 10 არამუდმივი წევრი. ბოლო დროს რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება, დაბლოკა მისთვის არახელსაყრელი წინადადებები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ წამოაყენა.

2022 წლის დეკემბერში უკრაინა გამოვიდა მოწოდებით, რუსეთს ჩამოერთვას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და გაირიცხოს გაეროდან. თუმცა, გაეროს მოქმედი წესდების თანახმად, ეს შეუძლებელია თავად რუსეთის თანხმობის გარეშე.

ბრეტონ-ვუდსის სისტემა არის ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშსწორების ორგანიზების საერთაშორისო სისტემა, რომელიც 1944 წელს იქნა მიღებული. მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), რომლებიც შექმნილია მსოფლიოს ქვეყნების ფინანსური უსაფრთხოებისა და მონეტარული თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG