Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვიან ღამით საგარეჯოს პოლიციასთან ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა დააკავეს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი თბილისში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი თბილისში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, მათი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა წუხელ, გვიან ღამით, საგარეჯოს პოლიციასთან დააკავეს. პარტია ირწმუნება, რომ დაკავების მიზეზი სიმღერის, „მიშა მაგარია“, ჩართვა გახდა. მათივე ცნობით, ასევე დააკავეს პარტიის წევრი გიორგი ლომიძე.

"გუშინ საგარეჯოს პოლიციასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნი ჩართეს, ასევე ჩართეს სიმღერა „მიშა მაგარია“, რაზეც გაღიზიანდა დეპარტამენტის უფროსი, დაიწყო მოლაპარაკებები, რომ სიმღერა გამორთულიყო, მაგრამ უარის მიღების შემდეგ სცადა ძალით გამოერთო, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრი გიორგი ლომიძე დააკავეს", - წერია პარტიის განცხადებაში.

ენმ-ის ცნობით, საგარეჯოს სამმართველოსთან დაკავებული ლაშა ფარულავა თბილისში, ზაჰესში, წინასწარი მოთავსების განყოფილებაშია გადაყვანილი. "როგორც ოჯახს აცნობეს, სასამართლო დღეს ჩატარდება", - ამბობენ პარტიაში.

გუშინ, 20 მაისს, განვითარებული მოვლენებისას ჯამში 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის - 16 ყვარლის ტბასთან გამართულ აქციაზე. მოგვიანებით თელავში დააკავეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, საგარეჯოს პოლიციასთან კი - "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი.

სამართალდამცავებმა ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აიყვანეს.

„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

XS
SM
MD
LG