"ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, „ყვარლის ტბასთან“ შეკრებილი მოქალაქეებისთვის არ არის სარწმუნო საქართველოს პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა დატოვეს საქართველო.
გიორგი ბოტკოველი მოითხოვს, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ მისცეს აქციის მონაწილეებს ან ჟურნალისტებს სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლისა და ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება:
„პრეზიდენტის განცხადება ჩვენთვის ვერ იქნება დამაჯერებელი, იქიდან გამომდინარე, რომ სამარცხვინოა თავად ფაქტი, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, რომ თურმე, შინაგან საქმეთა მინისტრმა უთხრა, რომ თურმე ისინი გაფრინდნენ. ჩვენი მიზანია, ამ ქვეყანაში არ იარონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც არიან ამ ქვეყნის დამპყრობლები, არიან სანქცირებულნი და არიან რუსული ჯარის მადიდებლები და წარმომადგენლები იმ ოჯახისა, რომელმაც თავისი ქმედებებით ეს ქვეყანა დააზიანა. ამიტომ ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ღონისძიება ნამდვილად აღარ იმართება და ეს ადამიანები ნამდვილად აღარ იმყოფებიან საქართველოში. ჩვენ გვინდა ეს ვნახოთ ჩვენი თვალით, შევიდეთ შიგნით, ან გადაწყვიტონ და შეუშვან ჟურნალისტები და მოხდეს იქ სიტუაციის შესწავლა“.
20 მაისს, საღამოს ხუთ საათზე, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიღებული პირობის თანახმად, სერგეი ლავროვის ოჯახმა საქართველო დატოვა და „ქორწილი აღარ შედგება“.
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში, სასტუმროში „ყვარლის ტბა“, ქმართან ერთად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
20 მაისს, დილიდან, „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს.