Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყვარლის ტბასთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება - დაკავებულია ოცამდე მონაწილე


"ყვარლის ტბასთან" მობილიზებული სპეციალური დანიშნულების რაზმი
"ყვარლის ტბასთან" მობილიზებული სპეციალური დანიშნულების რაზმი

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება.

ამ დროისათვის დაკავებულია აქციის ოცამდე მონაწილე, მათ შორის მოძრაობა "დროას" წევრები.

დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი.

აქციაზე დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ნაციონალური მოძრაობაც. მათი განცხადებით, აქციაზე დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის ათი წევრი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულები გურჯაანისა და ყვარლის პოლიციის განყოფილებებში არიან გადაყვანილნი.

აქცია „ყვარლის ტბასთან“ 11 საათიდან მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი და მისი ქმარი, ხოლო სასტუმროში დაგეგმილია ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწილო წვეულება.

სასტუმრო "ყვარლის ტბა"
სასტუმრო "ყვარლის ტბა"

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია. ისინი აცხადებენ, რომ სასტუმროში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები არ იმყოფებიან, მათ შორის, არც ლავროვის ოჯახის წევრები.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ასობით სამართალდამცავი.

XS
SM
MD
LG