რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობასთან. „არა რუსულ მთავრობას“ სკანდირებენ აქციის მონაწილეები. დემონსტრაციის მთავარი ლოზუნგი იყო „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“.
აქციის მონაწილემ თამარ ჯაყელმა განაცხადა, რომ 20 მაისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბებიან.
რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ, 19 მაისს, თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ავიაკომპანია „აზიმუტის" პირველი თვითმფრინავი დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.
რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. მალევე რუსულმა კომპანია „აზიმუტმა" და ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა" მიიღეს პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა.
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია "აზიმუტის" გარდა, პირდაპირი რეისების შესრულების უფლება მისცა კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, Red Wings-ს. ეს უკანასკნელი ფრენებს ივნისიდან დაიწყებს სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით.