Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჰააგის სასამართლოს პროკურორზე ძებნა გამოაცხადა


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ქარიმ აჰმად ხანი. 27 მაისი, 2022 წელი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ქარიმ აჰმად ხანი. 27 მაისი, 2022 წელი

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორზე, ქარიმ აჰმად ხანზე.

ამის შესახებ „მედიაზონა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ წელს, მარტში, გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი. უკრაინელი ბავშვების უკრაინიდან უკანონოდ რუსეთში გაყვანის ბრალდებით, პუტინთან ერთად დაპატიმრების ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც.

ძებნის მონაცემთა ბაზა აქვეყნებს ხანის ფოტოს წარწერით, რომ ის იძებნება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული - რომელით. ადრე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე პუტინის მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით აღძრა. საგამოძიებო კომიტეტი მიიჩნევს, რომ პუტინის და ლვოვა-ბელოვას მიმართ ჰააგის სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რადგან, მათი აზრით, "არ არსებობს მათთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი."

ამ საქმეში ეჭვმიტანილია პროკურორი ხანი და ჰააგის სასამართლოს სამი მოსამართლე, რომელთა სახელები ძებნის ბაზაში არ არის მითითებული.

XS
SM
MD
LG