Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრის განცხადებით, მუშავდება სასკოლო კვების შემოღების სხვადასხვა სცენარი


განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესის ფარგლებში უსმენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მინისტრს სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის დანერგვის საკითხზე ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მიმართა. როგორც ოპოზიციური ფრაქციის წერილშია ნათქვამი, „დღემდე აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა და სკოლებში ბავშვებს შიმშილი აწუხებთ, რაც გავლენას ახდენს მათი სწავლის ხარისხზე".

„დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში 50 130 სოციალურად დაუცველი მოსწავლე ირიცხება. ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსწავლეთა 77% ხანდახან (42%) ან ყოველდღიურად (35%) განიცდის შიმშილს. ეს გარემოება მნიშვნელოვნად უშლის ხელს მოსწავლეთა ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებას, რაც თავის მხრივ უზღუდავს მათ განათლებისა და ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებებს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხსენებულ პრობლემებთან ბრძოლის ეფექტიან საშუალებას სასკოლო კვების პროგრამა წარმოადგენს.

საგულისხმოა რომ 2022 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სკოლის საათებში კვება სახელდება და ხაზგასმულია, რომ ამ პერიოდში ბავშვების 1/3-ზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება. „სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%). ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი (37.7%) არის ფინანსური პრობლემა. რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (83.2%) დარწმუნებულია, რომ ბავშვის კვება სკოლამ უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების 5.6% ყოველდღიურად ვერ იღებს ხილსა და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები", - ნათქვამია მინისტრისთვის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაგზავნილ წერილში.

ოპოზიციურმა ფრაქციამ გიორგი ამილახვარს შემდეგი შეკითხვებით მიმართა:

  • კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის უმოკლეს დროში დასანერგად?
  • რომელი წლიდან იგეგმება სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა?
  • მოგვაწოდეთ სამინისტროს ხედვა მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავებაზე, მისი განხორციელების გზებზე, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე?

გიორგი ამილახვარი „ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს, რომ რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო განათლების საფეხურების მიხედვით, მუშავდება სასკოლო კვების განხორციელების სხვადასხვა სცენარი.

„საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჭირო იქნება დივერსიფიცირებული მიდგომების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სკოლის მზაობაზე, ინფრასტრუქტურის მდგომარეობასა და განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესებაზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მდგომარეობა განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით - სკოლების სიმძლავრის, დატვირთვისა და ცვლების შესაბამისად. აღნიშნული პროცესს წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესებს. საჯარო სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია სასადილოების ან მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობა. სწორედ, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხის, რომელიც სამი ათწლეულია მოსდევს ჩვენს სისტემას, გადაჭრის მიზნით კეთდება ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას", - ვკითხულობთ მინისტრის საპასუხო წერილში.

გარდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა, განათლების მინისტრი აღნიშნავს, რომ ნედლეულის მარაგების უწყვეტობის და სტაბილური სერვისის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გასატარებელი ადგილობრივ ბიზნესსექტორთან, ასევე შესამუშავებელია დაფინანსების/თანადაფინანსების მოდელები.

როგორც მინისტრი აცხადებს, შემუშავდა სასკოლო კვების მოდელები:

  • ტრადიციული სისტემა: სამზარეულო სკოლის შენობაში;
  • ცენტრალური/სატელიტური სამზარეულო: საკვები მზადდება ერთ ადგილას (ცენტრალურ სამზარეულოში ან სხვა სკოლაში) და შემდეგ ხდება ტრანსპორტირება (ცივი, გაყინული ან ცხელი) სხვა ადგილას (სატელიტზე) მომსახურებისთვის;
  • ბუფეტი/კიოსკი: სწრაფი მომსახურება სასკოლო კვების მზა და შეფუთული პაკეტებით (Lunch boxes).
XS
SM
MD
LG