Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ პირდაპირი ფრენების უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსეთთან პირდაპირი ფრენის უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა. უწყებაში აცხადებენ, რომ ივნისიდან ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას.

"Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა", - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
  • რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
  • 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.
XS
SM
MD
LG