Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუას ძმებმა სასამართლოში დაკითხვაზე უარი თქვეს


ბადრი ესებუას სასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. 18 მაისი, 2023 წელი
ბადრი ესებუას სასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. 18 მაისი, 2023 წელი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადეს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმებმა. მათ შორის პატიმრობაში მყოფმა ბიძინა ესებუამ. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს, 18 მაისს, გაიმართა.

მსჯავრდადებული ბიძინა ესებუა, რომელიც სასჯელს ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით 2020 წლის 12 დეკემბრიდან იხდის, დარბაზში ციხის ბადრაგების თანხლებით გამოცხადდა. მაგრამ მოსამართლეს უთხრა, რომ არ სურს ჩვენების მიცემა. ამის შემდეგ მოწმეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის მიზეზი, ბიძინა ესებუას მსგავსად, არც ბრალდებულის მეორე ძმამ, ბიკენტი ესებუამ განმარტა.

როგორც მოსამართლე ეკატერინე ბებიამ აღნიშნა, ბიკენტი ესებუა თანხმობის შემთხვევაშიც არ დაიკითხებოდა, რადგან გასულ პროცესებზე დასწრების გამო მოხსნა გამოსაკითხ მოწმეთა სიიდან.

“მოწმეების, ბიკენტი და ბიძინა ესებუების, დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ობიექტურობა და სასამართლოს ჰქონოდა შესაძლებლობა, ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა მათ არ ისურვეს ჩვენების მიცემა”, - განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე ბადრი ესებუას აღმკვეთ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელა - კანონით გათვალისწინებულ ვადებში გადასინჯა ადრე მიღებული გადაწყვეტილება. მოსამართლემ მას პატიმრობის სასჯელი გააუქმა, ვინაიდან დამატებით ბრალზე ბადრი ესებუას უკვე აქვს პატიმრობის განაჩენი.

“დღეს უწევდა სასამართლოს გამოყენებული პატიმრობის სასჯელის გადასინჯვა. ბრალდების მხარის პოზიცია იყო, რომ არ გაუქმებულიყო. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამის საფუძველი და აუცილებლობა არ იყო. იმის გამო, რომ ბადრი ესებუას მისჯილი აქვს სხვა საქმეზე და გამოყენებულია საპატიმრო სასჯელი, არ იდგა პატიმრობის სასჯელის გამოყენების აუცილებლობა. ამის გამო გააუქმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა”, - განაცხადა ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით პატიმრობა 2023 წლის 5 აპრილს შეუფარდა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას, მისდამი დამატებით წარდგენილი ბრალისთვის - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

რაც შეეხება 2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკში მომხდარი თავდასხმის საქმეს, განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. მომდევნო სხდომა 24 მაისს გაიმართება.

მხარეები პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. დაიკითხა ათეულობით მოწმე. გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილიც.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ასევე ნახეთ:

XS
SM
MD
LG