Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი კიევში ჩავიდა სამშვიდობო გეგმაზე სასაუბროდ


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და ჩინეთის სპეციალური წარმომადგენლის, ლი ჰუის შეხვედრა. კიევი, 16 მაისი, 2023.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და ჩინეთის სპეციალური წარმომადგენლის, ლი ჰუის შეხვედრა. კიევი, 16 მაისი, 2023.

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი კიევში ჩავიდა უკრაინის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებისთვის. ეს ქვეყანაში პეკინის უმაღლესი დონის წარმომადგენლის ვიზიტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო შარშან თებერვალში.

პეკინმა, რომელმაც არ დაგმო რუსეთის აგრესია მეზობლის წინააღმდეგ, განაცხადა, რომ ლის 17 მაისის ვიზიტი მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ მსჯელობას. დასავლეთის ქვეყნებმა მიმდინარე წლის დასაწყისში უარყვეს ჩინეთის 12-პუნქტიანი წინადადება, რომელიც შეიცავდა უკრაინაში დეესკალაციისა და საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას. წინადადება უარყოფილ იქნა ძირითადად იმიტომ, რომ ის იმეორებდა რუსეთის მთავარ მოთხოვნებს.

ლი, რომელიც რუსეთში ჩინეთის ყოფილი ელჩია, თავისი ტურნეს ფარგლებში ასევე ეწვევა პოლონეთს, საფრანგეთსა და გერმანიას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მაგრამ ვიზიტების კალენდარი არ დაუკონკრეტებია.

ლის ვიზიტი გაიმართა ახლახან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის სატელეფონო საუბრისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ლი ჰუისთან შეხვედრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს დეტალურად აუხსნა, როგორ ხედავენ კიევში მყარი და მდგრადი მშვიდობის აღდგენის პერსპექტივას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ფონზე. კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის მზად, განიხილოს წინადადებები, რომლებიც მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG