Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი გმობს რუსეთში აშშ-ის საკონსულოს ყოფილი თანამშრომლის დაპატიმრებას


აშშ-ის ყოფილი საკონსულო ვლადივოსტოკში
აშშ-ის ყოფილი საკონსულო ვლადივოსტოკში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა დაგმო რუსეთში აშშ-ის საკონსულოს ყოფილი თანამშრომლის დაპატიმრება და განაცხადა, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკში, რობერტ შონოვის დაპატიმრების შესახებ ცნობა 15 მაისს გაავრცელა სააგენტო "ტასმა". როგორც სააგენტო იუწყებოდა, მას ბრალად ედება უცხოელებთან უკანონო და საიდუმლო თანამშრომლობა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა 16 მაისს თქვა, რომ შონოვი არის რუსეთის მოქალაქე, რომელიც 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ვლადივოსტოკში, აშშ-ის საკონსულოში, რომელიც ამჟამად დახურულია. მილერის თქმით, მას მერე, რაც 2021 წლის აპრილში რუსეთის მთავრობამ გაავრცელა ბრძანება, რომლითაც რუსეთში აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში რუსეთის მოქალაქეების მუშაობა შეწყდა, შონოვი კონტრაქტით დაიქირავა ერთ-ერთმა კომპანიამ, მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთვის მომსახურების მისაწოდებლად.

"დაპატიმრების მომენტში ბატონი შონოვის ერთადერთი როლი იყო რუსეთში საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მედიის ანგარიშების და პრესის მასალების მომზადება", - ამბობს მილერი განცხადებაში, რომლის თანახმადაც, "საიდუმლო თანამშრომლობის" მუხლით შონოვის მიზანში ამოღება აჩვენებს რუსეთის მიერ "მზარდად რეპრესიული კანონების თავზეხელაღებულ გამოყენებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ".

XS
SM
MD
LG