Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრიოდერის მეუღლე რუსეთის საელჩოში 9 მაისის ზეიმის გამო გაათავისუფლეს


გერჰარდ შრიოდერი (ცენტრში) და მისი მეუღლე სო იენ შრიოდერ-კიმი
გერჰარდ შრიოდერი (ცენტრში) და მისი მეუღლე სო იენ შრიოდერ-კიმი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის მეუღლე, სო იენ შრიოდერ-კიმი NRW.Global Business-იდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ის და მისი მეუღლე 9 მაისს რუსეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრნენ გამარჯვების დღის პატივსაცემად, რომელიც რუსეთში აღინიშნება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

16 მაისს NRW.Global Business-მა, სადაც შრიოდერ-კიმი მუშაობდა, გამოაცხადა, რომ მასთან სამუშაო ურთიერთობას წყვეტს.

„შრიოდერ-კიმი დაუყოვნებლივ თავისუფლდება თანამდებობიდან და მისი სამუშაო ურთიერთობა NRW.Global Business-თან წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება“, - თქვა მონა ნეუბაურმა, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ეკონომიკის მინისტრის სპიკერმა.

შრიოდერ-კიმი მუშაობდა NRW.Global Business-ის წარმომადგენლად სამხრეთ კორეაში. მანამდე კომპანიამ არაერთხელ მიუთითა, რომ მისმა წარმომადგენლებმა „არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებზე, კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობით ომზე“.

გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე. გადადგომის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის გაზსადენ Nord Stream-ის მშენებლობაში. ის „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. გასული წლის გაზაფხულზე შრიოდერმა ეს პოსტი საკუთარი ინიციატივით დატოვა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტმა განიხილა რუსი ოლიგარქების სანქციების სიაში მისი შეყვანის შესაძლებლობა.

ყოფილი ფედერალური კანცლერი შრიოდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ დაახლოებულ პირად ითვლება.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, შრიოდერმა არ გაწყვიტა პირადი კონტაქტები პუტინთან და არ გაუკეთებია საჯარო განცხადებები პრეზიდენტის ქმედებების დაგმობის შესახებ. უკვე ომის დროს, ის არაერთხელ გაემგზავრა მოსკოვში. ყოფილი კანცლერი იქ რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის პუტინს შეხვდა და განიხილა ეკონომიკური პოლიტიკის, პირველ რიგში, რუსული ნავთობისა და გაზის ევროპაში ექსპორტის საკითხები. ამის გამო იგი გერმანიაში მკაცრად გააკრიტიკეს.

გერჰარდ შროდერმა ასევე დაკარგა გერმანიის ყოფილი კანცლერის ოფისით სარგებლობის უფლება. მაისის დასაწყისში ბერლინის მხარის ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG