Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკაში მცხოვრები რუსი მილიარდერი მარიუპოლში აწარმოებს მშენებლობას


რუსი მილიარდერი ალექსეი რეპიკი. მოსკოვი, 30 აგვისტო, 2022.
რუსი მილიარდერი ალექსეი რეპიკი. მოსკოვი, 30 აგვისტო, 2022.

კომპანია R-Stroy-ის უკან, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში აწარმოებს მშენებლობას, დგას რუსი მილიარდერი ალექსეი რეპიკი. ეს გაარკვიეს Scanner Project-ის გამომძიებლებმა, რომლებიც არიან კოლონიაში მყოფი ოპოზიციონერის, ილია იაშინის მხარდამჭერები.

რეპიკი ფარმაცევტული კომპანია R-Pharm-ის დამფუძნებელია. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ რეპიკი გამდიდრდა "მეგობრობისა და მეზობლობის წყალობით ჩინოვნიკებთან, რომლებიც გაბერილ ფასებში ყიდულობდნენ მისგან ონკოლოგიური დაავადებების წამლებს“.

გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რეპიკმა გაყიდა თავისი წილი R-Pharm-ში. ამასთან, აქციების ნაწილი დედამისს მიჰყიდა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ამ გზით მას სურდა სანქციებისგან კომპანიის დაცვა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე რუსეთში გამოჩნდა კომპანია R-Stroy, რომლის ემბლემა თითქმის იდენტური იყო R-Pharm-ის ემბლემისა. ახალ კომპანიას აფინანსებს რეპიკის დედის ფირმა. ამჟამად R-Stroy ომის დროს დანგრეულ მარიუპოლში აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. „კომპანია შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამუშაოდ და ის რეპიკთან ასოცირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული“, - აცხადებენ გამომძიებლები.

ამავე დროს რეპიკი აგრძელებს ოთხსართულიანი სახლის ფლობას სან-ფრანცისკოში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. რეპიკის ქონება 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

თავად რეპიკი სანქციების სიაში მოხვდა 2023 წლის თებერვალში, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის და მისი ქალიშვილისთვის თავისი სამსახურის თვითმფრინავის შეთავაზებისთვის.

XS
SM
MD
LG