Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება" იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებზე ოპოზიციის შეფასებებს ელოდება


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მან ილაპარაკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე. როგორც მდინარაძე ამბობს, ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, მისთვის მისაღები ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ წარმოადგინოს დასაბუთება, რაც საპარლამენტო უმრავლესობას საშუალებას მისცემს, განსაზღვროს, რამდენად არის შესაძლებელი კონსენსუსი.

„დღეს განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, რაც ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია. ამასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში.

ჩვენი პოზიციით, ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს. ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, რომ წარმოადგინონ მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხზე მიღწეული იყოს კონსენსუსი. თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ, რომ კენჭისყრა მოხდეს. ყველა შემთხვევაში ამაზე ვიზრუნებთ. უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში დაემთხვეს. ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პოზიციას, მოკლე დასაბუთებას, რატომ არის მისაღები და რატომ დაუჭერენ მხარს კონკრეტულ ადამიანებს.

არის თუ არა თანხვედრა და კონსენსუსის შანსი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ჩავაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა მდინარაძემ.

2022 წლის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის საერთო კანდიდატებზე. ხუთი წევრის პოზიციაზე 32 კანდიდატს აქვს პარლამენტში განაცხადი შეტანილი (მათგან ერთმა, ანა აბაშიძემ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება დაწერა). მდინარაძე აცხადებდა, რომ მმართველი პარტია მზად იყო 16 კანდიდატურიდან შეერჩია მისაღები კანდიდატები, თუმცა ოპოზიციამ არცერთი მათგანის მიმართ მხარდაჭერა არ გამოხატა.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2022 წლის 9 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები დაასახელა:

  • ლიკა საჯაია - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" პროფესორი;
  • ანა აბაშიძე - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი;
  • დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი;
  • სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი ("ღია სივრცე კავკასია"), საიას ყოფილი თავმჯდომარე;
  • გიორგი ბურჯანაძე - იმ დროისათვის საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ არამოსამართლე წევრს (ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს) უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, ეს თანამდებობები ვაკანტურია.

XS
SM
MD
LG