Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ხელმძღვანელები გამოდიან კარა-მურზას გათავისუფლების მოწოდებით


ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლოზე
ვლადიმირ კარა-მურზა სასამართლოზე

ევროსაბჭოს ხელმძღვანელები ამ ორგანიზაციის რეიკიავიკის სამიტის წინ მხარდაჭერას უცხადებენ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, ვლადიმირ კარა-მურზას, რომელსაც სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით რუსეთში 25 წლით მიუსაჯეს პატიმრობა.

განცხადებაში ისინი კარა-მურზასთვის რუსეთში წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ აცხადებენ, სასამართლო პროცესს კი - ფიქციურად.

"კარა-მურზა ძველი მხარდამჭერია დემოკრატიული ღირებულებებისა, რომლებსაც ევროპის საბჭო იცავს. იგი არის ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ადამიანის უფლებების სფეროში. ჩვენში პატივისცემას აღძრავს მისი გამბედაობა და რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელისუფლებისა და უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოსვლა ქვეყანაში, სადაც ოპოზიციას აიძულებენ გაჩუმდეს, სიცოცხლის ხელყოფის, პატიმრობის ან განდევნის გზებით", - აცხადებს ევროსაბჭო.

განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება კარა-მურზას გათავისუფლებისკენ, ისევე როგორც "ყველა სხვა მშვიდობიანი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტის, რომლებსაც რუსეთში თავისუფლება თვითნებურად აღუკვეთეს".

განცხადებას ხელს აწერენ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელები.

ევროსაბჭოდან, რომელიც ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას აერთიანებს, რუსეთი გარიცხეს გასული წლის მარტში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG