Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იტალიის პრეზიდენტს შეხვდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რომში, სადაც შაბათს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდა. როგორც მოგვიანებით თავად ზელენსკიმ დაწერა, შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში შემდგომი დახმარებისა და მშვიდობის უკრაინული ფორმულის დეტალები განიხილეს.

"მადლობელი ვარ უკრაინისათვის მხარდაჭერის მხრივ იტალიის თანმიმდევრული პოზიციისთვის. ჩვენ ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას. ბრძოლის ველზე ჩვენი წარმატების გასაღები არის საჭირო დახმარების დროული მიღება", - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სოციალური ქსლით გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თანახმად, პრეზიდენტების შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების საკითხსაც.

„დიდი ყურადღება დაეთმო ასევე რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცების საკითხს. ეს უნდა შეწყდეს, ბავშვები თავიანთ სახლებში უნდა დაბრუნდნენ და რუსები უნდა დაისაჯონ“, - დაწერა ერმაკმა „ტელეგრამის“ არხზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიას შაბათს ეწვია. იტალიელი კოლეგის გარდა, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანისთან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპსაც შეხვდება.

30 აპრილს პაპმა ფრანცისკემ, რომელიც უნგრეთში ვიზიტის შემდეგ რომში ბრუნდებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში და მისი დეტალები ჯერჯერობით საჯარო არ არის.

XS
SM
MD
LG