მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „ფორმულის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას.
„ფორმულას“ ინფორმაციით, პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრ ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულიად აკრედიტაციას უჩერებს. საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს“, - აცხადებს კოალიცია და ამატებს: „ჟურნალისტების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის და მიუღებელია მათი შეზღუდვა საჯარო ინტერესის საკითხებზე გაშუქებისას. მედიის როლი დემოკრატიაში არის სიმართლის გამოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ხელისუფლებაში მყოფთა საქმიანობის მონიტორინგი“.
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, დაუყოვნებლივ აღადგინოს ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია, გააუქმოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების სადავო მუხლები, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.