Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემო - პუტინის სამხედრო აგრესიის ჩუმი მსხვერპლი (ნაწ. 2)


ავტორი: გიორგი მეფარიძე

„რუსეთი სჩადის ეკოლოგიურ დანაშაულს შავ ზღვაზე და ამაზე პასუხისგება მოუწევს - გარემოს განადგურებაც მათი ველური ქმედებების ნუსხაში ჩაიწერება და ამისთვისაც დაისჯებიან კონკრეტული დამნაშავეები“

2008 წელს საქართველოში შემოჭრისა და ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის აგრესია კიდევ უფრო საზარელი ფორმებით მეზობელ უკრაინაში გაგრძელდა. კრემლის დანაშაულებრივმა ომმა ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრება ტრაგიკულად შემოატრიალა. პუტინის დაგეშილმა ბარბაროსებმა უკრაინის, მთელი შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიასაც უზარმაზარი ზიანი მიაყენეს.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომისა და ატენის ხეობაში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მარტო ბორჯომში 250 ჰექტრის მოცულობის წიწვოვანი ტყე სრულად გაანადგურა. ასევე, ფოთის პორტში სამხედრო გემების განადგურებისას ზღვაში მიზანმიმართულად ნავთობი, საწვავი ჩაღვარეს და აკვატორია დააბინძურეს.

საქართველოს შემდეგ „მოსკოვის ურდოს“ ბოროტება კიევის წინააღმდეგ გამოვლინდა მთელი თავისი სისასტიკით.

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე გვეუბნება, რომ საომარი მოქმედებების შედეგად შავი ზღვის უკრაინული ნაწილი ეკონომიკური პროცესებისაგან იზოლირებულია. მისივე თქმით, ის სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები, რაც წარმოიქმნა რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად, ომის დამთავრების შემდეგაც, წლების განმავლობაში მრავალი პრობლემის წყარო იქნება:

„ზღვაში ჩაძირული ჭურვები, ჩავარდნილი რაკეტები, მასში განთავსებული ათასობით ნაღმი, ჩაძირული გემები, წყალქვეშა ნავების ინტენსიური გადაადგილება, გასროლილი რაკეტების მეტად ტოქსიკური საწვავის ზღვაში მოხვედრა, ნავთობისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ჩაღვრა წყალში და ა. შ. აბინძურებს გარემოს და სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის. ელექტროენერგიის ხშირი გამორთვა და გამწმენდი ნაგებობების ფიზიკური განადგურება იწვევს ქვეყნის შიდა ტერიტორიიდან მდინარეში ჩაღვრილი დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვაში მოხვედრას“.

პარლამენტარის შეფასებით, რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სანაპირო ზოლის მილიტარიზაცია დამატებით ზეწოლას ახდენს გარემოზე:

„დანგრეული ქალაქები, განადგურებული ქიმიური, მეტალურგიული და მრეწველობის ისეთი საწარმოები, რომლებიც განსაკუთრებულად აბინძურებს გარემოს, უპატრონოდაა მიტოვებული და გარემოს (ნიადაგი, წყალი და ა. შ.) გაჭუჭყიანების მთავარ წყაროს წარმოადგენს. მაგალითად, მარიუპოლში დანგრეული გიგანტური ქარხნების ნარჩენებსა და საწყობებში არსებული მომწამლავი მარაგების დიდი ნაწილი ზღვაში მოხვდა. ცალკე საკითხია ატომური ნარჩენები და ექსტრემალურ ვითარებაში ეკოლოგიური ნორმების იგნორირება. ბევრგან მოშლილია კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმები, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საომარი მოქმედებების დროს განადგურებული ცხოველთა სამყარო ინფექციებისა და წყლის აკვატორიების დაბინძურების ფაქტორი ხდება. ზღვაში ჭურვების ხმისაგან და დაბინძურებისაგან დელფინები და ზღვის სხვა ბინადარნი იღუპებიან“.

რომან გოცირიძე გვეუბნება, რომ საკურორტო ინდუსტრიასაც მძიმედ დაარტყამს არსებული მდგომარეობა, რადგან ქვეყანაში გამწმენდი ნაგებობების აღდგენას მრავალი წელი და დიდძალი ფინანსური რესურსები დასჭირდება.

„ასეთი ვითარება, რა თქმა უნდა, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებსაც პრობლემებს შეუქმნის. მიუხედავად სიშორისა, მუდმივი მონიტორინგი ჩვენი ზღვის წყლის ხარისხსაც სჭირდება. რამდენიმე თვის წინ ბათუმის სანაპიროზე გამორიყული ნაღმი ამის მაგალითია.

რუსეთი სჩადის ეკოლოგიურ დანაშაულს შავ ზღვაზე და ამაზე პასუხისგება მოუწევს. სხვა მრავალ დანაშაულთან ერთად, გარემოს განადგურებაც მათი ველური ქმედებების ნუსხაში ჩაიწერება და ამისთვისაც დაისჯებიან კონკრეტული დამნაშავეები. საერთაშორისო სასამართლოები აუცილებლად დააკისრებენ რუსეთს რეპარაციას, მიყენებული ზიანის ფინანსურ ანაზღაურებასაც“, - დასძენს გოცირიძე.

რუსული სამხედრო აგრესიის ნეგატიური შედეგების (მათ შორის ეკოლოგიური კუთხით) აღმოფხვრას ათწლეულები დასჭირდება. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია (და, რაც მთავარია, მოქმედებს), რომ პუტინის ბოროტება დაუსჯელი არ დარჩეს. უკრაინისთვის, მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანიც უნდა ანაზღაურდეს. ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ ყველა მოწმე გავხდებით სამართლიანობის „აქლემი“ წითელ მოედანზეც როგორ დაიჩოქებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG