12 მაისს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალებს შორის, ორივე მხარის თქმით, ახალმა საზღვრისპირა ბრძოლებმა იფეთქა.
ერთი დღის წინ მომხდარმა სისხლიანმა დაპირისპირებამ საფრთხე შეუქმნა ორ ქვეყანას შორის ევროპის კავშირის ხელმძღვანელობით შაბათ-კვირისთვის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
მეზობლებს შორის ათწლეულებია მიმდინარეობს ტერიტორიული დავა აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, რომლებიც სომხებითაა დასახლებული და რომლის გამოც მათ ორჯერ ჰქონდათ ომი.
12 მაისის დილას, "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სოთკის მიმართულებით (სახელმწიფო საზღვრის აღმოსავლეთი ნაწილი) და უპილოტო საფრენი მოწყობილობები (დრონები) გამოიყენეს", ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სომხური მხრიდან ორი ჯარისკაცი დაჭრილია, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მოგვიანებით, 12 მაისს, სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მძიმე იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს აზერბაიჯანის საზღვართან, გეღარქუნიქის პროვინციაში, სოფელ კუტთან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანის პოზიციებს" საზღვარზე. 11 მაისს, სასაზღვრო შეტაკებებისას დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო და ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა კვირას უნდა გაიმართოს ბრიუსელში. მოლაპარაკებას გაუძღვება ევროპის კავშირის პრეზიდენტი, შარლ მიშელი. ევროპის კავშირის თანახმად, მეტოქე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთად შეხვდებიან საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ევროპის კავშირის სამიტისას, რომელიც 1 ივნისს გაიმართება მოლდოვაში.
11 მაისს ფაშინიანმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა, რომ ის ისწრაფვის, ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებებს ბრიუსელში. მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის "ძალიან მცირე" შანსია.
შეთანხმების პროექტი "კვლავაც ძალიან საწყის სტადიაზეა და ძალიან ნაადრევია შესაძლო ხელმოწერაზე საუბარი", - განაცხადა ფაშინიანმა. მაისის დასაწყისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში მიიწვია მოლაპარაკებისთვის. მას მერე ევროპის კავშირის დიპლომატიაც გააქტიურდა.
ამ ორ ქვეყანას შორის ომები იყო 2020 წელს და 1990-იან წლებში აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო. ამ ორ ომში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.