Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორმულის" თანამშრომლები  ა(ა)იპ-ის ქმნიან, რომელიც არხის მართვაში მიიღებს მონაწილეობას


„ფორმულის" ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი, „ფორმულის" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე.
„ფორმულის" ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი, „ფორმულის" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე.

ტელეკომპანია „ფორმულამ" საზოგადოებას გააცნო მართვის ახალი სტრუქტურა. ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადაიცა, „ფორმულის" გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა, რომ არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილების შედეგად მისი წილის 25% გადაეცემა თანამშრომლებს. ამასთან, მმართველობაში ჩაერთვება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც „ფორმულის“ თანამშრომლები დააფუძნებენ. ორგანიზაციაში ტელეკომპანიის ორმოცი თანამშრომელი გაერთიანდება. უკვე შეარჩიეს ა(ა)იპ-ის გამგეობის წევრები და გამგეობის თავმჯდომარე - ნინო ჟიჟილაშვილი.

„ამ გადაწყვეტილების შედეგად ქართულ მედიასივრცეში პირველად დაფიქსირდება პრეცედენტი, როდესაც მედიაში სადამფუძნებლო სტრუქტურა იქნება იმდაგვარი, რომ ვერცერთი ერთი დამფუძნებელი ვეღარ შეძლებს გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას. შესაბამისად, ის დანაპირები სისრულეში იქნება მოყვანილი, რომელიც ჩვენ დაახლოებით სამი კვირის წინ გავაკეთეთ", - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ილაპარაკა იმ ბარიერზე, რომელიც დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილების იურიდიულად გაფორმებას ხელს შეუშლის. როგორც გუმბარიძე ამბობს, კეზერაშვილის პასპორტსა და პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული, ხოლო, იუსტიციის სახლი მას ახალი დოკუმენტების აღების საშუალებას არ აძლევს.

„ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ, ეცდება ამ პროცესის შეყოვნებას და სავარაუდოდ, ეს პროცესი იქნება გაჩერებული იუსტიციის სახლში და წილი არ დარეგისტრირდება. ამის მიზეზი გახდება ის, რომ დავით კეზერაშვილის პირადობის მოწმობასა და პასპორტს ვადა აქვს გასული და, სამწუხაროდ, ხელისუფლება მას არ აძლევს საშუალებას, რომ ეს პასპორტი აღდგეს. ამის მიზეზი, ცხადია, არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს სისრულეში მოვიდეს არხის დამფუძნებლისა და თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება წილის განკარგვასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ამ გარიგებას აუცილებლად დავარეგისტრირებთ ნოტარიულად და ის აუცილებლად მოიპოვებს იურიდიულ ძალას ავტომატურად, მას შემდეგ, რაც მოხდება ამ პრობლემის მოგვარება", - თქვა მან.

15 მაისს იგეგმება ახალი ა(ა)იპ-ის დარეგისტრირება. ტელეწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა, რომელიც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს, ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის ერთწლიანი, როტაციული პოზიცია, ამის შემდეგ ა(ა)იპ-ის ეყოლება ახალი საბჭო და ახალი ხელმძღვანელი.

ნინო ჟიჟილაშვილმა ილაპარაკა ტელეკომპანიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მისი განცხადებით, დაბრკოლებების მიუხედავად, „ფორმულა" კვლავ დაიცავს მედიასტანდარტს.

„ჩვენს გუნდს აქვს გადარჩენის გამოწვევა, გადარჩენის პროცესში მაღალი მედიასტანდარტის შენარჩუნების გამოწვევა. ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებული იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რა რთულ მდგომარეობაში ვართ ახლა, მაინც ჩვენ უნდა განვაგრძოთ გზა, რომელსაც ჰქვია კეთილსინდისიერი, სამართლიანი, ყველა სტანდარტის დამცველი მედიასაშუალების გზა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაძლევს ხელისუფლება საშუალებას, ვიყოთ ისეთი მოთამაშე მედიაბაზარზე, როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ სისტემებში (ჩვენთან, როგორც იცით, სტუმრად არ დადიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც არ გვაძლევს სრულფასოვან შესაძლებლობას, რომ მათი მოსაზრებები შემოგთავაზოთ). მიუხედავად იმისა, რომ ისინი [ხელისუფლების წარმომადგენლები] ხშირად გვესხმიან თავს, ჩვენს ჟურნალისტებს აქვთ მუდმივი ზეწოლის პრობლემა და ჩვენი არხი არის დახურვისა და წილის წაღების საფრთხის წინაშე, მაინც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არაფრით გადავუხვიოთ ჟურნალისტურ სტანდარტს და ვიმუშაოთ პროფესიული ეთიკის დაცვით. მოგახსენოთ მხოლოდ ის, რაც ეფუძნება ფაქტებს, სინამდვილეს და მოგითხროთ ნამდვილი ამბები“, - თქვა ტელეწამყვანმა.

ჟიჟილაშვილს იმედი აქვს, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ, ტელეკომპანიის თანამშრომლები წელგამართულები იქნებიან.

„ჩვენს დამფუძნებელთან, დავით კეზერაშვილთან, რომელმაც გაუყო თავისი წილის ნახევარი არხის გუნდს, არის კითხვები, რა თქმა უნდა, ეს კიდევ დამატებითი გამოწვევაა ჩვენთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამ პროცესს ისე დაასრულებს, რომ ჩვენ ამ პროცესიდან გამოვალთ სრულიად წელგამართულები. თუმცა რაკიღა ამ პროცესს ახლავს რეპუტაციული ზიანი ჩვენი არხისთვის და, ზოგადად, მედიისთვის, ამიტომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ამ ფორმატით ვიყოთ უფრო წელგამართულები, სასამართლო პროცესის დასრულებამდე", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

“თაღლითობის გლობალური ქსელი” - BBC-ის ამ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “ფორმულის” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ მზად არის უარი თქვას ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე.

ეს გადაწყვეტილება მან ტელეკომპანიის თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა - ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფების კვალი, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი და ID ბარათი) მოქმედების ვადა 10 წელია. ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალი 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე თვეში წაუყენეს. 2013 წლის 25 თებერვალს, როდესაც მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დავით კეზერაშვილი საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა.

დავით კეზერაშვილს 2013 წლის თებერვალში განახლებული პირადობის დამადასტურებელი საბუთითაც რომ დაეტოვებინა ქვეყანა, მის დოკუმენტს 2023 წლის თებერვალში ვადა გაუვიდოდა.

საჯარო რეესტრში წარდგენილ დოკუმენტებში იძებნება ორი მინდობილობა, რომლითაც დგინდება, რომ მას ჰქონდა საქართველოში გაცემული მინიმუმ ორი პასპორტი, რომელთაგანაც ერთი გაცემულია 2010 წლის 5 ივლისს, მეორე კი 2011 წლის 3 აგვისტოს.

სამოქალაქო რეესტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქართველო ძებნილ მოქალაქეებზე, როგორიც მაგალითად თავდაცვის ყოფილი მინისტრია, ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებს არ გასცემს.

XS
SM
MD
LG