თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა მუჰარემ ინჯემ განაცხადა, რომ ხსნის თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც თურქეთში 14 მაისს გაიმართება. თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, მან ამის მიზეზად საარჩევნო კამპანიის დროს მის წინააღმდეგ მიმართული მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნება დაასახელა.
პოლიტიკოსის თქმით, 45 დღის განმავლობაში თურქულ მედიაში მისი სახელის შემბღალავი ყალბი ფოტოები გავრცელდა, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ფაქტების გამოძიებისგან თავი შეიკავეს. ინჯემ ასევე თქვა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მისი რეპუტაცია, როგორც ქვეყნის მოქალაქისა და თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატისა.
საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთის პრეზიდენტის, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ 69 წლის ლიდერის - ერდოანის - მთავარი კონკურენტია ოპოზიციური „ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ.
ზოგიერთი გამოკითხვით, ქილიჩდაროღლუს ახლა მეტი ემხრობა, ვიდრე ერდოანს. თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, ონლაინგაზეთ Hürriyet-ის მიხედვით - რომელიც ადრე ოპოზიციურად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წლებში მასზე კონტროლი მმართველი პარტიის მომხრეების ხელში გადავიდა - მაისის დასაწყისში არსებული მდგომარეობით, ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს 50%-ს, რომელიც საჭიროა გამარჯვებისთვის.