Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow გადასცა


რაკეტა Storm Shadow ლონდონის მუზეუმში
რაკეტა Storm Shadow ლონდონის მუზეუმში

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა რამდენიმე შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რომელთა დიაპაზონი 250 კილომეტრს აღემატება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ინფორმაცია მოგვიანებით ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა.

კიევი პირველად იღებს ამ დიაპაზონის რაკეტებს. მანამდე, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნები კიევს აწვდიდნენ იარაღს, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე შეეძლო სამიზნეებზე იერიშის განხორციელება.

ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მიწოდებული რაკეტები "უკრაინას საშუალებას მისცემს, უკუაქციოს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო ძალები. მან ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ზედმიწევნით შესწავლილი და რუსეთის ესკალაციასთან თანაზომადი."

"ჩვენ ვერ ვიდგებით განზე მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მხოლოდ მისმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ ასეთი სისტემები მიეცა უკრაინას", - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გარანტიები უკრაინის მთავრობისგან, რომ ამ რაკეტებს არ გამოიყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის. ამასთან, ტელეკომპანიამ გაიხსენა, რომ ბრიტანელი ოფიციალური პირები ხშირად აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.

XS
SM
MD
LG