საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გადასცა.
ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს.
„2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით.
საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა", - ვკითხულობთ მიმართვაში.
ადმინისტრაცია მიუთითებს საკანონმდებლო რეგულაციის შესახებ.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის", - ვკითხულობთ მიმართვაში.
9 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, მოისმინეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიდეომიმართვა საქართველოს ხალხისადმი.