Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავრობის სხდომას დაველოდებით, შემდეგ აქციებს გავაგრძელებთ" - ფერმერების პროტესტი კახეთში


წნორი. ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა აქცია
წნორი. ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა აქცია

ხორბლის მწარმოებელმა ფერმერებმა წნორში საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციაზე მივიდა, ხორბლის და ქერის გასული წლის მოსავალი თითქმის სრულად გასაყიდი აქვს - ჯამში დაახლოებით 20 ათასი ტონა.

ფერმერები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილე გურამ ტურაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 120 ტონა ხორბალი აქვს გასაყიდი და თუ რეალიზაციას დროულად ვერ შეძლებს, მოსავალი გადასაყრელი გახდება.

წნორი. ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა აქცია
წნორი. ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა აქცია

„იმის გამო, რომ საქართველოში პურის გამოსაცხობად რუსეთიდან დაუბეგრავი ფქვილი შემოდის, ჩვენ მათ კონკურენციას ვერ ვუწევთ. მოთხოვნაა, ფქვილის შემოტანაზე დაწესდეს გადასახადი, რაც შესაძლებლობას გააჩენს, ჩვენი ხორბალიც გაიყიდოს. ახლა 40 თეთრსაც არავინ იხდის, არადა, მოყვანა ბევრად მეტი დაგვიჯდა“, - თქვა ფერმერმა.

აქციაზე მივიდა „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძეც.

„რუსეთიდან შემოდის მზა ფქვილი, რომელზეც საიმპორტო გადასახადი არ არის დაწესებული, შესაბამისად, ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ. რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და ხორბალი, ასე რომ ვთქვათ, გადასაყრელი აქვს. ამიტომ იაფად ყიდიან. ჩვენი მოთხოვნაა, ფქვილის შემოტანა დაიბეგროს, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართული ხორბალი გავყიდოთ თვითღირებულებით მაინც. ეს არ გამოიწვევს პურის გაძვირებას. ეს საკითხი თუ დროულად არ მოგვარდა, მოსავალი მთლიანად განადგურდება და ახალი მოსავლის აღებასაც ვერ შევძლებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ ბენიაიძემ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა განვითარების სამმართველოს უფროსი ნოდარ ხოხაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე.

ხოხაშვილმა ფერმერებს უთხრა, რომ სამინისტრომ მათი პრობლემები კარგად იცის და მომავალ კვირაში გაირკვევა, როგორ და რა ფორმით შეძლებს სახელმწიფო მეხორბლეთა დახმარებას.

„ამ წუთებშიც მიმდინარეობს პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან მსჯელობა პრობლემების მოგვარებაზე. ერთ კვირაში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მუშაობა მიდის იმპორტული პროდუქტის შემოტანის და წისქვილების ამუშავებაზე. ახალი მოსავლის აღებამდე მოგვარდება ეს საკითხი", - უთხრა აქციის მონაწილეებს ნოდარ ხოხაშვილმა.

წნორი. ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა აქცია
წნორი. ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა აქცია

სამინისტროს წარმომადგენლის ამ გაცხადებამ აქციის მონაწილეებში უკმაყოფილება გამოიწვია და ამის შემდეგ წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ გზაზე დაყარეს ტომრებით მიტანილი ხორბალი, რომლის ნაწილიც უკვე გაფუჭებული იყო.

„არ გვჯერა, რომ თქვენ ერთ კვირაში რამეს მოაგვარებთ. ამ პრობლემაზე ვლაპარაკობთ მარტიდან და კიდევ დროს ითხოვთ, რომ დაგაცადოთ?! ჩვენ აქციებს არ შევწყვეტთ მანამდე, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ხორბალი თვითღირებულების ფასად მაინც გავყიდოთ“, - მიმართეს აქციის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს.

წნორი. ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა აქცია
წნორი. ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა აქცია

წნორი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო გადაკეტილი. გზა თავად აქციის მონაწილეებმა გახსნეს და განაცხადეს, რომ ორშაბათს, 15 მაისს, მთავრობის სხდომას დაელოდებიან და თუ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მორიგ აქციას სამშაბათს, 16 მაისს, სოფელ ჩალაუბანში გამართავენ.

XS
SM
MD
LG