საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი უქმდება. ქვრივიშვილის შეფასებით, ეს დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებზე.
„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენის ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და, რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან კავშირსაც", - თქვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ქვრივიშვილმა შეაფასა პუტინის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა.
„რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, ნათლად და ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა სახმელეთო კუთხით - თვის ჭრილში, ალბათ, ათასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა, გარკვეული დროის განმავლობაში, მესამე ქვეყნის გავლითა და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე და საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება იყო. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კავშირს სამშობლოსთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.
დღეიდან, 10 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც - 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მან ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა.
- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.