Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, მშვიდობისკენ


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

9 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელისადმი მადლობის გადახდით დაიწყო. სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა მოისმინეს მოქალაქეებმა ზურაბიშვილის გამოსვლამდე. პრეზიდენტის შეფასებით, შარლ მიშელი არის საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორთაგანი, რომელსაც მართლაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად არის ყველა ნაბიჯის გადადგმისას დაეხმაროს.

„დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენი, ე.ი. პირველ რიგში საზოგადოების, ჩემი დახმარებით. ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და მერე ასე არ დამთავრდება, სხვა ეტაპებიც იქნება, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. ყველანაირად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ", - დაამატა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვაში ერთ-ერთი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპული კეთილდღეობის საძიებლად ქვეყნის დატოვება არ უნდა უწევდეთ.

„ძალიან ბევრ თქვენგან ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ევროპაში ან იმუშავებს ევროპაში. მაგრამ ჩემი იმედი ცოტა სხვანაირი არის, ჩემი იმედი არის, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ ზოგჯერ ხოლმე ევროპაში. აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტები, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან. ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლები არის და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ იქნება გამაერთიანებელი საქართველოსი და ევროპის. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა საბჭოთა დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი. ხიდი, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამ მოუტანოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც (სხვათა შორის, ძალიან ბევრ რამეს მოუტანს). და ეს კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი.... თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ იქ, სადაც საჭირო არის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებებს ე.წ. მეორე ფრონტის თემაზე. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, სწორედ, ევროპა წარმოადგენს საქართველოს მშვიდობიან მომავალს.

„ევროპა არის მშვიდობა, ეს არის ერთადერთი გაერთიანება ისტორიაში, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარი არის. ჩვენი მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, - განაცხადა მან და განაგრძო, - კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა დღეს. დღეს არის 9 მაისი. ვითომ რაღაც დაპირისპირება არის ამ 9 მაისის, ევროპის დღის, მომავლის დღის და იმ 8-9 მაისს შორის (გააჩნია ვის როგორ), რომელმაც დაამარცხა ნაციზმი. არა, ეს ერთი არის - დამარცხება ტოტალიტარიზმის არის სწორედ ევროპა, თავისუფლება. სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ბოლო გამარჯვება არ იქნება".

პრეზიდენტი ზურაბიშვილი აფხაზებსა და ოსებს ევროპისკენ ერთობლივ გზას სთავაზობს. „ამ გამარჯვების გზაზე, ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის - ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, მშვიდობისკენ, თავისუფლებისკენ. მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ საქართველოში. არ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ აქ იყოთ ევროპელები", - თქვა მან.

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, მოისმინეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიდეომიმართვა საქართველოს ხალხისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG