„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ავთანდილ გაბელიამ და ამავე პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ია ჯიშკარიანმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შიდაპარტიული არჩევნები დაასახელეს, რომელში მონაწილეობის მიღებაზე თავად უარს ამბობენ.
ავთანდილ გაბელიას განცხადებით, დღეს, როცა ენმ-ის დამფუძნებლის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პარტიის შიდა არჩევნების და მისი „ხელოვნურად დაყოფის“ დრო არ არის. წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის რჩება პარტიაში, ასევე - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად.
„სანამ სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არჩევნების ჩატარება არასწორად მიმაჩნია. ამან წალენჯიხაში ერთმანეთს შორის გამოიწვია დაპირისპირება, დაქსაქსვა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს, იმ ერთი მიზნისთვის, რაც არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საქართველოს ძლიერება. ამ იდეის ქვეშ უნდა ვიბრძოლოთ ერთად”, - განაცხადა ავთანდილ გაბელიამ ჟურნალისტებთან კომენტარში.
მისი თქმითვე, წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრიდან პროტესტის ნიშნად არცერთი არ აპირებს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
ენმ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ია ჯიშკარიანის თქმით, შიდაპარტიული არჩევნების ახლა ჩატარება ენმ-ის მიზანმიმართულ დაშლას ემსახურება. ოპოზიციური პარტიის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის რჩება ამ პარტიის და ხობის საკრებულოს წევრად:
„დღეს, როცა მესამე პრეზიდენტი ტყვეობაშია, ეს შიდაპარტიული დაპირისპირებები პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს პარტიას. იმის ნაცვლად, რომ დღეს ხელიხელჩაკიდებულები ერთად ვიბრძოდეთ, ეს დაპირისპირებები დამანგრეველია“, - განაცხადა ია ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბრისას.
მან ენმ-ის ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე განცხადება თავდაპირველად სოციალურ ქსელში გააკეთა, სადაც დამატებით განმარტავს, რომ პარტიამ შეავიწროვა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერდა:
„დემოკრატიული არჩევნებითა და დიდი დაპირებებით მოსული პარტიის "ახალი მენეჯმენტის" დემოკრატიულმა მართვამ ხუთი დღეც ვერ გაძლო. სწორედ 5 დღეში ჩაატარეს ყრილობა და ნაცვლად არჩევისა, "დანიშნეს" პოლიტსაბჭოს წევრები.
ახლა კი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს - ია, ვიცით რომ ამ ბრძოლას ყველაზე რთულ დროს 2012 წელს შემოუერთდი, ხოლო რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 2017 წელს, პარტიისთვის არანაკლებ რთულ დროს გახდი. თუმცა რაკი შიდაპარტიულ არჩევნებში გამოხატე პოზიცია და იყავი ნიკა მელიას მხარეს, ხარ ლოიალური და თანამშრომლობ კობა ნაყოფიასთან - რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა, შენ კი გვერდით დაუდგე. პარტიას გაძლიერების სახელით ასუსტებენ, ერთობის სახელით ხლეჩენ და დემოკრატიის სახელით, ჩრდილოვანი მართვის ქვეშ აქცევენ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ია ჯიშკარიანმა ფეისბუკით გაავრცელა.
ოპოზიციური პარტიის რეგიონული ორგანიზაციების არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაცია 9 მაისს სრულდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აპრილში დააანონსა, რომ ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და რაიონში, პარტიის ამომრჩევლები რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს აირჩევდნენ.
ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარე 2023 წლის იანვარში გახდა, შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შედეგად. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა. ამის შემდეგ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს რიგები არაერთმა პოლიტიკოსმა დატოვა.
პარტიის ყრილობაზე, რომელიც 6 თებერვალს გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მდივნის პოსტზე კობა ნაყოფია ლევან ბეჟაშვილმა ჩაანაცვლა. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, რომელიც ისევ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. გარდა ამისა, დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.