Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 მაისს საპატრიარქო ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე მსვლელობას გეგმავს


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 17 მაისს შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე. მანამდე კი ქაშვეთის ტაძარში „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს".

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

​17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა - 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან.

ამ დღის აღნიშვნას საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტქ+ თემის წევრებს მათ წინააღმდეგ სასულიერო პირების თანხლებით გამოსული ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა. ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და აქტივისტებს.

საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ძალადობა წააქეზა იმ დაუსჯელობამ, რაც ლგბტ თემის მიმართ წინა წელს მომხდარი უფრო მცირე მასშტაბის დაპირისპირების გამოძიებისას საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

XS
SM
MD
LG