Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების შემდეგ ოპოზიციამ უწყების დისკრედიტაცია დაიწყო


ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი
ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. დღეს, 9 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა "დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები" უწოდა "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის კრიტიკას.

"ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ, სამწუხაროდ, ავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია საარჩევნო ადმინისტრატორებთან მიმართებაში და საკუთარი განცხადებებით არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტირებას ახდენენ...

ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, ეს დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად. სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ჩაატარა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები".

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს იმ პროცესთან, რაც პარლამენტში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

"გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

"ქართულმა ოცნებამ" 8 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. კანონპროექტის ინიციატორები არიან მმართველი პარტიის დეპუტატები მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

შემოთავაზებული ცვლილებებით, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით - 5 წლით - ასარჩევად დადგენილი კვორუმი. არსებული ⅔-ის უმრავლესობის (100 დეპუტატი) ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 დეპუტატი) აირჩევს.

ასევე, კანონპროექტით იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში - მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

XS
SM
MD
LG