Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გამართულ აღლუმში წინა წლებთან შედარებით ბევრად ნაკლები ტექნიკა მონაწილეობდა


გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე. მოსკოვი, 9 მაისი, 2023.
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე. მოსკოვი, 9 მაისი, 2023.

2023 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვნად ნაკლებმა სამხედრო ტექნიკამ, ვიდრე წინა წლებში. გამოთვლები ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა ჩაატარა ტრანსლაციაზე დაყრდნობით.

მისი მონაცემებით, მთლიანობაში წითელ მოედანზე ტექნიკის მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა. ჯერ კიდევ გასულ წელს - როცა აღლუმი უკვე შემცირებული იყო უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდებთან შედარებით - აღლუმში მონაწილეობა მიიღო 131-მა საბრძოლო მანქანამ. 2021 წელს მათი რაოდენობა 197 იყო. ანუ უკანასკნელ ომამდელ წელთან შედარებით ტექნიკის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ შემცირდა.

თავად აღლუმი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა ჯარების შემოვლისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლის ჩათვლით.

წინა წლებში აღლუმების ხანგრძლივობა საათ-ნახევარს აღწევდა, თუმცა მაშინ აღლუმში შედიოდა საჰაერო ნაწილიც, რომელიც წელს გაუქმდა.

ალექსანდერმა, ისევე როგორც სხვა ბევრმა კომენტატორმა, ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ტანკების ნაკლებობაზე. აღლუმი 2007 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე.

აღჭურვილობის ჩავლა გახსნა მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა ტანკმა T-34-მა, რასაც მოჰყვა მსუბუქი საბრძოლო მანქანები - "ტიგრები", შემდეგ "ურალები" და ქვეითი საბრძოლო მანქანები "ბუმერანგები". წითელ მოედანზე გაატარეს ასევე სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“, S-400 და სამი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „იარსი“. აღლუმზე სამხედრო ტექნიკის გავლას 10 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა.

წინა წლებში აღჭურვილობის ჩავლას გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა. ამასთან, წინათ ხდებოდა დემონსტრირება „არმატას“ ტიპის თანამედროვე ტანკებისა და სხვა მანქანებისა, რომლებსაც, კომენტატორების თქმით, მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავთ. ამავე დროს, როგორც ბევრმა კომენტატორმა აღნიშნა, ეს ტექნიკა ან საერთოდ არ მონაწილეობდა უკრაინის საომარ მოქმედებებში, ან ძალიან შეზღუდული რაოდენობით იმყოფებოდა ფრონტზე.

როგორც გამოცემა „აგენტსტვომ“ აღნიშნა, აღლუმში რვა ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ეს მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 2008 წლიდან მოყოლებული. გასულ წელს აღლუმში 11 ათასი სამხედრო მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG