რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დღემდე დაახლოებით 195 620 სამხედრო დაკარგა, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 9 მაისს დილით განაცხადა.
უკრაინის სარდლობის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ბრძოლის ველზე 650-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
გარდა ამისა, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა რუსეთის სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგების განახლებული მონაცემები:
- 3 734 ტანკი;
- 7 257 ჯავშანტექნიკა;
- 308 საბრძოლო თვითმფრინავი;
- 294 ვერტმფრენი;
- 3 031 ერთეული საარტილერიო სისტემა;
- 554 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი;
- 2 618 ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა.
რუსეთს დიდი ხანია აღარ გამოუქვეყნებია პირადი შემადგენლობის რიგებში დაღუპულთა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების ოფიციალური მონაცემები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა საბრძოლო მოქმედებებში (მას კრემლი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. რედ.) 5 937 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.
უკრაინა ასევე არ ასაჯაროებს თავისი სამხედრო დანაკარგების მონაცემებს. მარტში ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა უცნობ ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის დანაკარგები ომში, სავარაუდოდ, 120 ათას დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცს შეადგენს. უკრაინის ვერხოვნა რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის მდივანმა რომან კოსტენკომ ამ მონაცემებს გაზვიადებული უწოდა.
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაჟონა მედიაში, ნათქვამია, რომ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ომში რუსეთის ცოცხალი ძალის ჯამური დანაკარგი 35 ათასიდან 43,5 ათასამდეა (უკრაინისა - 16-17 ათასი). სამხედრო ექსპერტების შეფასებით, დანაკარგების სტატისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბახმუტისათვის მრავალთვიან და სისხლისმღვრელ ბრძოლაზე მოდის.