Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი და ტოყაევი დასთანხმდნენ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას


გამარჯვების დღის აღლუმის რეპეტიცია მოსკოვში, საარქივო ფოტო
გამარჯვების დღის აღლუმის რეპეტიცია მოსკოვში, საარქივო ფოტო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით 8 მაისს სამუშაო ვიზიტით ჩავა მოსკოვში. ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს დანიშნულ ღონისძიებებში, რომლებიც მიეძღვნება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, 9 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევიც. ის დაესწრება აღლუმს წითელ მოედანზე და მოინახულებს ტვერის ოლქში განთავსებულ მემორიალს, სადაც პატივს მიაგებს მებრძოლი ყაზახების ხსოვნას.

გამარჯვების დღის აღნიშვნის მიზნით, მოსკოვში ჩასვლის მიწვევები მიიღეს ასევე თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა. მათი გადაწყვეტილებები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

უფრო ადრე იტყობინებოდნენ მხოლოდ ერთ უცხოელ სტუმარზე, რომელიც პუტინის მიწვევას დასთანხმდა - ყირგიზეთის პრეზიდენტზე, სადირი ჟაპაროვზე.

შარშან 9 მაისს მოსკოვის აღლუმს უცხოეთის არცერთი ლიდერი არ დასწრებია. კრემლმა მაშინ ეს ახსნა იმ გარემოებით, რომ ეს საიუბილეო თარიღი არ იყო.

2021 წელს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს დაესწრო ერთადერთი უცხოელი სტუმარი - ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. მაშინ საზეიმო ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG