მსოფლიო რბენის მარათონის გამარჯვებულები ცნობილია. 5 300 მონაწილიდან ქალებს შორის პირველობა მოიპოვა წარმოშობით პოლონელმა დომინიკა სტელმაჩმა. მან 49 კილომეტრი ირბინა.
კაცებს შორის გამარჯვებულია ლევან ჩოხელი. ჩოხელმა ირბინა 55 კილომეტრზე მეტი.
გამარჯვებული ცალკე გამოვლინდა ეტლით მოსარგებლეებს შორის. პირველობა მოიპოვა ნინო დარბაიძემ. მან 4.7 კილომეტრი ირბინა. გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
რბენის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაია აზარაშვილის თქმით, სურვილის შემთხვევაში, გამარჯვებულთაგან ორს შეუძლია მომავალ წელს მსოფლიო რბენის მარათონში მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ქვეყანაში, მგზავრობის ხარჯებს კი ორგანიზატორები დაფარავენ.
გარბენმა კახეთში სათავე აიღო თელავი-ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრში, ლოპოტის ტბის გადასახვევ ნიშნულთან.
Wings for Life World Run-ი საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად მრავალ ქვეყანაში იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ, მოყვარულ მორბენალებს და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. მარათონს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტიდან 30 წუთის შემდეგ იწყებს მოძრაობას და 15კმ/სთ-ით მოძრაობს. თუ მანქანა, იგივე მოძრავი ფინიშის ხაზი, გაგასწრებს, ეს რბენიდან გამოთიშვას ნიშნავს. საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვისაც ბოლოს დაიჭერს აღნიშნული მანქანა. ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია და 30 ლარი ღირს.
საქველმოქმედო გარბენი ყოველ წელს აერთიანებს 6 კონტინენტს ერთი მიზნით – გახდეს ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, შეგროვილი თანხა ზურგის ტვინის ტრავმების კვლევის ფონდში გადაირიცხება.
გარბენი ყოველ წელს კახეთში ტარდება. 2014 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ირბინა 33 000 ადამიანმა.