უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ნიდერლანდისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე 400 მილიარდ დოლარად შეაფასა ომში უკრაინის ზარალი.
ზელენსკის თქმით, ეს არის მსოფლიო ბანკის შეფასება. ამასთან, საქმე ეხება მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ახლა უკრაინა აკონტროლებს.
ზიანის ოდენობა მოიცავს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, ეკოლოგიურ ზიანს, ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებებს და სხვ.
უკრაინულ გამოცემა UNIAN-ს მოჰყავს კიევის ეკონომიკის სკოლის გამოთვლები. მისი შეფასებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი 144 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ომის დაწყებიდან ევროკავშირმა გაყინა რუსული აქტივები დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო შეერთებულმა შტატებმა - დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს ცალსახა სამართლებრივი პასუხი შეკითხვაზე, კანონიერი იქნება თუ არა ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემა.