თეთრმა სახლმა "სასაცილო" უწოდა მოსკოვის ბრალდებებს კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ვაშინგტონის მონაწილეობის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
"შეერთებულ შტატებს ამასთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ არც კი ვიცით, ზუსტად რა მოხდა იქ. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება, სულ ეს არის", - განაცხადა კირბიმ.
მანამდე კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის პირით დაადანაშაულა შეერთებული შტატები ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმაში.
„კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მსგავსი მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებას მსგავს ქმედებებზე და ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი კი უკვე აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან“, - თქვა პესკოვმა.
თავდაპირველად, რუსეთის ხელისუფლებამ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, თავის მხრივ, ემხრობიან ვერსიას, რომ „კრემლზე თვითმფრინავის შეტევა“ ინსცენირებული იყო.