Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ


ევროპის პარლამენტის წევრი, ჩეხეთის „პირატთა“ პარტიის წარმომადგენელი მარკეტკა გრეგოროვა
ევროპის პარლამენტის წევრი, ჩეხეთის „პირატთა“ პარტიის წარმომადგენელი მარკეტკა გრეგოროვა

ევროპის პარლამენტის წევრმა, ჩეხეთის „პირატთა“ პარტიის წარმომადგენელმა მარკეტკა გრეგოროვამ თავის 18 ევროპარლამენტარ კოლეგასთან ერთად წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოუწოდებენ, შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია.

გრეგოროვამ ტვიტერით გაავრცელა წერილი და დაურთო მოკლე ცნობა, რომ „პრესის თავისუფლების დღეს“ მან და მისმა კოლეგებმა ევროპის პარლამენტში გადაწყვიტეს, ამგვარად მოუწოდონ საქართველოს პრეზიდენტს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი. "ჩვენ მუდამ ვიქნებით საქართველოს მეგობრები და იმედი გვაქვს, ამ ღირსშესანიშნავ დღეს გადავცეთ ეს სიმბოლური გზავნილი“, - აღნიშნავს გრეგოროვა.

გრეგოროვა (რომელიც ევროპარლამენტში საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის და უშიშროების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრია) და სხვა ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მოკლედ შეახსენებენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ცხადად გამოხატა ევროპული მისწრაფება და იმისთვის, რომ მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობაა. ორი რეკომენდაცია ეხება მედიის თავისუფლებას, იმას, რომ გარანტირებული იყოს თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედიაგარემო, - წაიკითხავთ ევროპარლამენტარების წერილში.

„როგორც საქართველოს აქტიური დამცველები და მისი დემოკრატიული განვითარების, პროგრესის და ევროპული მომავლის მხარდამჭერები, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ რეკომენდაციების განხორციელებას, რომლებსაც ძალა შესწევთ ქვეყანას მოუტანონ ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი და დადებითი გარდაქმნა“, - აღნიშნულია წერილში.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, - განაგრძობს ევროპარლამენტარები, - ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის, "მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს, რომელიც 2022 წლის 16 მაისს გამოცხადდა და რომელსაც მხარი დაუჭირა თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმავე წლის 2 ნოემბერს.

ევროპის კავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ ღრმაც გვწამს, - წერენ გრეგოროვა და მისი კოლეგები, - რომ "კრიტიკული მედიის ხმა არასოდეს უნდა იქნეს ჩახშობილი და რომ ისინი ცოცხალი დემოკრატიის არსებითი ნაწილია. ამიტომ მოგმართავთ თქვენ მოწოდებით, განიხილოთ თქვენი უფლებამოსილება შეწყალების შესახებ, რათა ნიკა გვარამია საპატიმროდან გაათავისუფლონ".

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ გადადგამთ ამ ნაბიჯს და დაეხმარებით საქართველოს, მიუახლოვდეს თავის სახელმწიფო მიზანს, ევროკავშირის წევრობას, წერია ევროპარლამენტარების წერილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე. ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.

ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოწოდებით ევროპარლამენტის 12-მა წევრმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით შარშან, ნოემბერშიც მიმართა.

XS
SM
MD
LG