Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვეტერინარული ღობე მოხსნეს


ოკუპირებული სოფელი მუგუთი
ოკუპირებული სოფელი მუგუთი

ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფლებთან, მუგუთთან და ჭორბოულთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ვეტერინარული ღობე მოხსნეს. მათი განმარტებით, ეს ღობეები წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის შემთხვევებს აღმოფხვრიდა, თუმცა ადგილზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიჩნიეს, რომ ისინი ხელისუფლებამ სოფლების სიღრმეში გადაიტანა და ამით საქართველოს მიწის ნაწილი დაუთმო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოპოზიციამ ეს ფაქტი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის წინააღმდეგ გამოიყენა და ის საქართველოსთვის მიწის დათმობაში დაადანაშაულა.

ოკუპირებული სოფელი მუგუთი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანს ესაზღვრება, იქ ბოლო ორ კვირაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დვანსა და მუგუთს ე.წ. სასაზღვრო მწვანე ღობე ყოფს, თუმცა ღობეები და მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველგან არ არის დამონტაჟებული. სწორედ ასეთ ადგილებში, სასაფლაოს და სალოცავის მიმდებარე ტერიტორიასა და საძოვრებზე, აკავებენ მოქალაქეებს. მუგუთისა და დვანის გზაგასაყარზე კი ერთბაშად ორი ღობე იყო დამონტაჟებული. ერთი ე.წ. სასაზღვრო ღობე და მეორე ამ ღობის შიგნით, დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, ე.წ. ვეტერინარული ღობე, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ერთი თვის წინ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე გაგლოევმა პირობა დადო, რომ ამ ღობეს აიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მისი ბრძანებით არ დამონტაჟებულა. სწორედ აქედან ირკვევა, რომ ღობე რუსეთის საოკუპაციო ძალების ინიციატივით იყო დამონტაჟებული და ის ვეტერინარული დანიშნულების ნაცვლად, ოკუპაციის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების სავაჭრო ურთიერთობების წინააღმდეგ იყო მიმართული. რადიო თავისუფლების დვანელი წყაროები აღნიშნავენ, რომ ქართულ და ოსურ სოფლებს შორის ვაჭრობის შემთხვევები ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ მთელ პერიმეტრს რუსეთის საოკუპაციო ძალა აკონტროლებს და ხშირად მოქალაქეებსაც აკავებს, ადამიანები მაინც ახერხებენ მალულად პროდუქტების გაცვლას. ამიტომ, მათი აზრით, დამატებითი ღობის მონტაჟი ადამიანების გადაადგილების შეზღუდვას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე პირუტყვის გადასვლას.

„სოფლის მოსახლეობას რეგულარულ უხერხულობას უქმნიდა საზღვრის მეორე მხარეს პირუტყვის გადასვლა და მერე უკან გადმორეკვის მცდელობა. მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მოეწყო დამცავი ღობე, რომელიც არანაირად არ ნიშნავდა სახელმწიფო საზღვრის ხაზს“, - განმარტა ალან გაგლოევმა.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა: „პრეზიდენტმა მიუთითა, რომ თუ ვეტერინარული ღობის დაყენებას რესპუბლიკის ტერიტორიის დათმობად განიხილავენ, მაშინ ის მოიხსნება და ამ საკითხს მოაგვარებს. ალან გაგლოევის დაპირება ადგილობრივებმა მადლიერებით მიიღეს და განაცხადეს, რომ მათ სხვა ინფორმაცია ჰქონდათ. თურმე ვიღაცას სურს ამ რთულ პერიოდში სიტუაციის არევა“.

ბოსიკოვა იმასაც ამბობს, რომ სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია „სახელმწიფო საზღვრის“ საკითხთან დაკავშირებით ნიშნავს საქართველოში „მეხუთე კოლონის“ დახმარებას "მეორე ფრონტის" გეგმების განხორციელებაში.

XS
SM
MD
LG